ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და დროულად გააუვნებლეს დღეს გამნაღმველებმა თბილისში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლის რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში.
პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებთან ერთად თბილისში ლატვიელ კოლეგას შეხვდა. საუბრისას ლატვიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპისა და ნატოს სტრუქტურებში გაერთიანების სრული მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალციხეში იმყოფებოდა. ქალაქის N5 საჯარო სკოლაში პრეზიდენტმა მომავლის კლასი გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ახალქალაქში ახალი სათხილამურო ტრასაც მოინახულა.
კასპის მაჟორიტარმა კობა კურდღელაშვილმა უმრავლესობა დატოვა. დეპუტატმა ამ მოთხოვნით ბიუროს უკვე მიმართა. ის, სავარაუდოდ, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებში გაწევრიანდება.
დაპირისპირებაა `ქართული ოცნებისა` და `ქართული პარტიის` ლიდერებს შორის. ბიძინა ივანიშვილის კოალიციის პრესსპიკერმა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას უპასუხა, რომელშიც ის ბიზნესმენის პოლიტიკურ საქმიანობას აკრიტიკებდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტის მსოფლიოს თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ბეთქილ შუკვანმა შეჯიბრების პირველ დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა ოქრო, მეორე დასკვნით დღეს კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან წიკლაურმა გაიმარჯვა.
ლეიბორისტული პარტია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით 17 თებერვალს საპროტესტო აქციას პარლამენტთან გამართავს. შესაბამისი განაცხადი ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერიაში უკვე შეიტანა.