საქართველოს რეგიონებში 130-მდე ახალი ტრაქტორი გაიგზავნა. სოფლებში გადანაწილებამდე ტექნიკა დილიდან თბილისში იდგა. სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერი პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრეზიდენტმა გამართა.
ტრეფიკინგის ბრალდებით, საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათი საქმიანობის სქემის გაშიფვრაზე, ქართველი სამართალდამცველები რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
ახალი ინიციატივები ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მედპერსონალს გააცნო. ერთ-ერთი პრიორიტეტი დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდაა. ჭიაბერაშვილის სტრატეგიის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე ქვეყანაში დაზღვეული უნდა იყოს.
თბილისს მალე ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტრამვაი დაუბრუნდება. ახალი ხაზი 14 კილომეტრის სიგრძის იქნება და ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიას, ვაკისა და რუსთაველის გამზირის გავლით, ორთაჭალას დაუკავშირებს.
საჯარო სკოლებში საცდელი საატესტატო გამოცდები დაიწყო. განათლების სამინისტრო პროცესს და მეთორმეტეკლასელების ცოდნას ამოწმებს, რათა სასწავლო წლის ბოლოს საატესტატო გამოცდებმა, მაქსიმალურად, ხარვეზების გარეშე ჩაიაროს.
უბედური შემთხვევა მოხდა ყვარელში, რომელსაც 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. გიორგი კოკოშაშვილი ელექტროსადენის ბოძიდან გადმოვარდა. სავარაუდოდ, მას დენმა დაარტყა.