გლდანში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. საქართველოს პრეზიდენტმა მშენებლობაში დღეს პირადად მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილმა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებთან ერთად სხვადასხვა ფიზიკური სამუშაო შეასრულა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს. ხუთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერთი მეზღვაური ISAF-ის მისიისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისათვის დაჯილდოვდა.
თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი აღინიშნა. საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებმა და უცხოელმა დიპლომატებმა ვაკის პარკში პატივი მიაგეს მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
პოლიციამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა დააკავა. 25 და 23 წლის დამნაშავეები დედაქალაქში მაღაზიებსა და ტაქსის მძღოლებს ძარცვავდნენ.
თეატრალური პრემია "დურუჯის" მოსაპოვებლად 19 თეატრის დასი 30 სპექტაკლით იბრძოლებს. კონკურსში მონაწილეების სია დღეს გამოქვეყნდა. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილს ამოიწურა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე პროექტის ”Summer Job” მონაწილე სტუდენტებს რუსთავის იუსტიციის სახლში შეხვდნენ.