საგარეო უწყების განცხადება
01.03.10 12:07
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას პოზიტიურ პრეცედენტად აფასებს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს პირველი დიპლომატიური შეთანხმებაა, რომელიც შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით შედგა.
მისივე განცხადებით, რუსეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნა მოხდა სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე და აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გადაწყდა.
`ამ ფაქტს ვაფასებ პოზიტიურ პრეცედენტად, როცა ორ ქვეყანას შორის უთანხმოება არ აისახა მესამე სახელმწიფოზე. ეს არის პირველი დიპლომატიური შეთანხმება, რომელიც შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით განხორციელდა. სომხეთის მხარემ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენჯერმე მოგვმართა თხოვნით და ჩვენ შევეცადეთ შემჭიდროებულ ვადებში მოგვეგვარებინა ლარსის გამშვები პუნქტის საკითხი,` განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ქართულმა მხარემ დილით 7 საათზე, რუსეთმა კი 11 საათისთვის გახსნეს.
|