პრეზიდენტმა თერჯოლაში ახალი კლინიკა გახსნა
05.12.11 15:00
კიდევ ერთი ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა თერჯოლაში. `ალდაგი ბი–სი–აის` მიერ აშენებული ობიექტი ერთ–ერთია იმ ოცდაათი საავადმყოფოდან, რომელიც წლის ბოლომდე საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში უნდა გაიხსნას.
ნაგებობა ძველი კლინიკის გვერდით აშენდა და ის მულტიფუნქციური ცენტრი იქნება. საავადმყოფო საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.
პრეზიდენტმა ახალი კლინიკა დაათვალიერა, თანამშრომლებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ მოხარულია კლინიკაში ასეთი პროფესიონალების ყოფნით. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ექნება უმაღლესი დონის ჯანდაცვის სისტემა უახლოეს მომავალში.
`მინდა ვუთხრა ურწმუნო თომებს, ხომ გაიძახდით, რომ ვერ ავაშენებთ 100 ახალ საავადმყოფოს - მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდო ჰოსპიტალურ სექტორში, საქართველოში შენდება 150 ულტრათანამედროვე საავადმყოფო და ჩვენ ვქმნით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაგარ ჯანდაცვის სისტემას. ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ ავაშენებთ ახალ ქალაქს, მინდა ყველამ იფიქროს, რომ ჩვენ ერთი ლაზიკა უკვე ავაშენეთ და ამ ქალაქის სახელი არის ბათუმი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბათუმი დღეს არის იგივე, რაც 6 წლის წინ, ძალიან ცდება. უკვე ორი მილიარდი ლარია ჩადებული ბათუმის განვითარებაში. თან ძველი ქალაქის შეცვლა არის უფრო ძნელი, ვიდრე ახლის აშენება,` - განაცხადა პრეზიდენტმა.
|