გუდაურში ახალი საბაგირო გზა გაიხსნა
16.03.12 19:12
გუდაურში ახალი საბაგირო გზა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დამონტაჟდა ახალი გონდოლები. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
ზამთრის კურორტზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი და პირველი ლედიც. მიხეილ სააკაშვილმა და სანდრა ელისაბედ რულოვსმა ახალ ტრასაზე ისრიალეს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს კურორტებში ასეულობით მილიონი ლარი ჩაიდება და ათობით ათასი ადამიანი დასაქმდება. მისი თქმით, სათხილამურო კურორტების განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას სიღარიბიდან გამოიყვანს.
სააკაშვილმა დასძინა, რომ სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურა 2015 წლისათვის საბოლოო სახეს მიიღებს.
„იქ, სადაც არის სათხილამურო კურორტები, არ არის სიღარიბე და ხალხი ცხოვრობს მდიდრულად. დღეს სათხილამურო კურორტები შენდება იქ, სადაც არის სიღარიბე. სათხილამურო კურორტების მშენებლობა ჩვენთვის ასევე არის მთავარი ინსტრუმენტი სიღარიბესთან ბრძოლაში," - განაცხადა სააკაშვილმა.
|