წარმატებულ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ
27.04.12 19:15
საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა. პირველკურსელები, რომლებიც კურსს საუკეთესო შედეგით დახურავენ, მომდევნო წლებში გადასახადისგან თავისუფლდებიან. მათი სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაფარავს.
ინიციატივაზე მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" ილაპარაკა, სადაც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-6 ოლიმპიადაში 31 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მოზარდები თავიანთ პროექტებს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და საინჟინრო სფეროებში წარადგენენ.
ქვეყნის პირველმა პირმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მიხეილ სააკაშვილმა სტუმრად ჩამოსული მოსწავლეებისგან ძვირფასი ქვებით მოჭედილი მისი და პირველი ლედის პორტრეტები მიიღო საჩუქრად.
ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, მედვედევის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება რუსეთშიც სურთ, თუმცა საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიტიკურ ელიტას ეს არ შეუძლია.
|