გრიგოლ ვაშაძე მედვედევის განცხადებას ეხმაურება
01.05.12 10:33
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა. ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სიყვარულზე ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობას კრემლი არ აპირებს და შემდეგ მმართველობას დაელოდება.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მედვედევმა ვერ გაიარა კასტინგი პრეზიდენტობაზე და ახლა იმავეს პრემიერის პოსტის მისაღებად ცდილობს.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, რუსეთმა საქართველოს და ქართველ ხალხს ნათლად დაანახვა თავისი დამოკიდებულება და სიყვარული. ამის შედეგი კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ნახევარ მილიონზე მეტი დევნილია.
`1989 წლიდან ჩვენ გამოვცადეთ, რა არის ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდეგ რუსეთის სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ და ამ სიყვარულს მოჰყვა ის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად არის გადაქცეული სამშობლოში,`- განაცხადა ვაშაძემ.
|