ილიანა როს ლეტინენი საქართველოს შესახებ
18.05.12 10:31
ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ აშშ-ის კონგრესში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ილიანა როს-ლეტინენის განცხადებით, საქართველომ არაერთგზის დაამტკიცა, რომ ის შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.
მისი თქმით, დროა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერით მკაფიოდ წარმოაჩინოს ვალდებულება საქართველოს თავდაცვისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ამ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს მისიაში, რომელშიც ათასამდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს. საქართველოს 2000-მდე სამხედრო მონაწილეობდა ერაყის მისიაშიც.
ილიანა როს-ლეტინენი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც ეხება და განმარტავს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრნენ და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კონგრესმენი მოუწოდებს ამერიკის ადმინისტრაციას - ჩიკაგოს ნატოს სამიტზე აქტიურად იმუშაოს მოკავშირეებთან იმისათვის, რომ, რაც შეიძლება, მალე იქნეს უზრუნველყოფილი ალიანსში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა.
|