ქუთაისსა და თბილისში გალა კონცერტები გაიმართა
27.05.12 12:33
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. კლასიკური მუსიკის საღამო ორ საათს გაგრძელდა. მაყურებლების წინაშე კეროლაინ კემპბელი, ნინო სურგულაძე და ხატია ბუინათიშვილი წარდგნენ.
საგანგებოდ ამ დღისთვის აჭარის სიმფონიური, თბილისის ოპერისა და ბალეტის, ასევე ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრები გაერთიანდნენ. კლასიკური მუსიკის ზეიმს ჯანლუკა მარჩიანო ხელმძღვანელობდა.
გალა კონცერტის ფარგლებში დასრულდა პირველი კლასიკური მუსიკალური ფესტივალი - ”საქართველოს მომავალი”. ფესტივალში მონაწილე ნიჭიაერთა ათწლედის მოსწავლეები სცენაზე სხვადასხვა სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან და ვარსკვლავებთან ერთად გამოვინენ. ბავშვების მონაწილეობით გამართული ფესტივალი საქართველოში ახალგაზრდა მუსიკოსების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ფესტივალი ოფიციალურად 22 მაისს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნა. ნიჭიერთა ათწლედის აღსაზრდელებმა პრეზიდენტის სამუშაო ოთახში დაუკრეს. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ფესტვალის დახურვამდე ცნობილ შემსრულებლებთან მასტერ-კლასებიც გაიარეს.
ფესტვალის დახურვას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. კონცერტზე ის მეუღლესა და თბილისის მერთან ერთად მივიდა.
დღის დასკვნით ღონისძიებას ქუთაისში მცხოვრები და ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
გალაკონცერტი ქუთაისში გვიან ღამით გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
ქუთაისის პარალელურად, 26 მაისი თბილისშიც გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა. 16-ზე მეტი ცეკვა, მათ შორის, 3 ახალი შეასრულეს სუხიშვილებმა წუხელ მარჯანიშვილის მოედანზე. კონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მიმდნარეობდა. წარმოდგენა ორ საათს გაგრძელდა და მას ათასობით ადამიანი დაესწრო.
|