ბაგრატზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია
18.06.12 12:10
ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დროებით შეჩერებულია. განცხადება ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ვაჩეიშვილმა დღეს ბაგრატის ტაძარში გააკეთა.
ვაჩეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას საშუალება ექნება კიდევ ერთხელ გაეცნოს ტაძრის რეაბილიტაციის პროექტს.
`სამუშაოები, ჩვენი შეფასებით, ძალიან მაღალ ხარისხოვანია; ეს არის ერთ-ერთი მაღალი კატეგორიის სარესტავრაციო სამუშაოები. საპატრიარქოს მოთხოვნით, ჩვენ დღეს ჩვენ გავაჩერეთ და გავივლით ყველა კონსულტაციას; ყველა შეჯერებული პოზიცია კიდევ ერთხელ გადაიხედება, რომ დავრწმუნდეთ, რა კეთდება, როგორ კეთდება და იმედი მაქვს შემდგომ გაგრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები,`- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
ბაგრატის შესახებ იუნესკოშიც იმსჯელებენ, სადაც კომიტეტის შეკრება ზუსტად ერთ კვირაშია დაგეგმილი. ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება გუშინ ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოითხოვა.
აღდგენითი სამუშოები ბაგრატის ტაძარში 2008 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ამავე წლის იანვარში საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელი მოაწერეს ბაგრატის ტაძრის მემორანდუმს. ცერემონია მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე, ქუთაისში გაიმართა.
|