იუსტიციის სამინისტროს განცხადება
21.06.12 19:56
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. ამის საფუძველი კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა. ამის შესახებ კიდევ ერთი განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: ”2012 წლის 20 ივნისს კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა.
"საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ.
"აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას,” - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|