დავით ბაქრაძე მერეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
26.06.12 17:36
სოფელ მერეთში მოსახლეობისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ბაქრაძე გაგებით ეკიდება მომხდარს, თუმცა მოსახლეობას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
`მე ძალიან კარგად მესმის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის რამდენად რთულია ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მოსმენა ისეთი სიტყვებისა, როგორიც არის, რომ ომი დაიწყო საქართველომ, რომ ოკუპაცია, რომელიც ხდება მათ მშობლიურ სახლებში, არის საქართველოს ბრალი. მე მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის, ისევე, როგორც ძალიან ბევრისთვის მთელ ქვეყანაში, ასეთი ბრალდება და ასეთი სიტყვები ასოცირდება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან და საქართველოში ოკუპანტის ინტერესის დაცვასთან. მაგრამ მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, მთელ საზოგადოებას, ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერს და აქტივისტს, თავი ავარიდოთ ნებისმიერი სახის ინციდენტს წინასაარჩევნო პროცესში, ვიყოთ თავშეკავებული, რაც გინდა მიუღებელი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოზიცია, მივცეთ ყველას ხალხთან თავისუფლად შეხვედრის და საუბრის საშუალება. ხალხი და ქართველი ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, ოქტომბერში რომელი პოლიტიკური ძალაა მისთვის მისაღები და მიუღებელი,`- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|