პრეზიდენტი ბაგრატის ტაძრის შესახებ
26.06.12 17:50
საქართველოს პრეზიდენტი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ტაძრის ამოღების საფრთხე აღარ არსებობს და ამაში თავისი წვლილი იმ უცხოელმა ექსპერტებმა შეიტანეს, რომლებიც კულტურის სამინისტროს მოწვევით საქართველოში ამ საკითხზე მუშაობდნენ.
`დღეს იყო იუნესკოში ის სხდომა, რომელსაც უნდა განეხილა ბაგრატის ტაძრის საკითხი და საფრთხე ბაგრატის ტაძრის რაიმე სიებიდან ამოღებისა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამ საკითხმა ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ძალიან კონკრეტული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაგრატის ტაძარი აღდგეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის, თითოეული ქუთაისელი ამას ემხრობა, ეს მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოსთვის იმიტომ, რომ ბაგრატი არის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. ჩვენ გვჭირდება არა ნანგრევები, არამედ მოქმედი ტაძარი, სადაც შესაძლებელი იქნება წირვა-ლოცვა და რომელიც იქნება საქართველოს აღმშენებლობის განსახიერება. ჩვენ ავიყვანეთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რესტავრატორი, მან მოამზადა პროექტი ყველა წესის დაცვით მის აღსადგენად და პატარა დეტალს, რომელიც დარჩა, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე,`- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა მხარესთან შეჯერებულია.
|