მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა
30.06.12 21:57
საქართველოს მინისტრთა კაბინეტს ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.
საგანგებო ბრიფინგი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და პირველი განცხადებები ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა.
"ჩემი მთავარი მიზანი იქნება მეტი სარგებელი ხალხს," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია ეს ახალი თანამდებობა და ამავდროულად დიდი პასუხისხმგებლობაა.
"დადგა დრო, რომ საქართველოში ჩვენი განვითარების, მოდერნიზაციის, ყველა იმ მიღწევის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართველმა;
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას იმ თავდადებული ბრძოლისა და შრომისთვის, რადგან ისინი ყოველდღე იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ყაჩაღობა, განუკითხაობა, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები", - განაცხადა ახალმა პრემიერმა.
მისივე თქმით, როგორი წარმატებული რეფორმებიც გატარდა პოლიციაში, რომლის შედეგიც ქართველმა ხალხმა იგრძნო, ასეთივე უნდა გატარდეს ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც.
ორ დღეში ვანო მერაბიშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა უნდა წარუდგინოს.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ მინისტრთა კაბინეტს ერთი ახალი უწყების ხელმძღვანელიც შეემატება. საქართველოს მალე დასაქმების მინისტრი ეყოლება, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებაზე იზრუნებს.
|