დავით ბაქრაძე მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ
02.07.12 17:23
მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმისა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მთავარი ამოცანა დასაქმების პრობლემის გადაჭრა იქნება - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
დავით ბაქრაძის განმარტებით, ახალი სამოქმედო პროგრამა ამ მთავარ გამოწვევას პასუხობს და ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ათი წლის წინ სახელმწიფოს ორი მთავარი მტერი იყო კორუფცია და კრიმინალი და ამ ყველაფრის დამარცხება შეძლო სწორედ ვანო მერაბიშვილმა. დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ასეთივე წარმატებით ახალი პრემიერი შეძლებს ქვეყნის მთავარი გამოწვევების - უმუშევრობისა და სოციალური პრობლემების გადაჭრას.
`ჩვენი მთავარი პრიორიტეტები გახლავთ დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა, ჯანდაცვა და მისი ხელმისაწვდომობა ყველა ოჯახისთვის, სოფლის მეურნეობის დახმარება და სოფლის დახმარების პროგრამები. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იგრძნოს მეტი კეთილდღეობა და მეტი სარგებელი ყველა იმ რეფორმიდან, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში,`- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|