მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ცნობილია
03.07.12 11:19
ახალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია. ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ბაჩო ახალაია დაიკავებს, თავდაცვის მინისტრი კი დიმიტრი შაშკინი გახდება.
ეს ცვლილებები პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააცნო მედიას. მისივე განცხადებით, განათლების მინისტრის პოსტზე გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ახლად დანიშნული დირექტორი ხატია დეკანოიძე დაინიშნა.
ცნობილია კიდევ ერთი ახალი სახე მინისტრთა კაბინეტში. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე კობა სუბელიანს დალი ხომერიკი შეცვლის. დალი ხომერიკი აქამდე აფხაზეთის მთავრობის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო.
კიდევ ერთი ახალი სახე მინისტრთა კაბინეტში პაატა ტრაპაიძე იქნება. ის დასაქმების სახელმწიფო მინისტრი იქნება. ეს პოზიცია პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. პაატა ტრაპაიძე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ წარუდგინა.
როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი პროგრამაც, პროგრამა სამ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს - დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვის სფერო.
|