თბილისი რუსეთში მომხდარი ტრაგედიის გამო წუხს09.07.12 11:48საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ტრაგედიასთან დაკავშირებით, უწყებაში ოფიციალური განცხადება გავრცელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა, სადაც ხაზგასმითაა მითითებული, რომ ჩვენი ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას რუსული მხარის შეხედულებისამებრ ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენაზე. "საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ქართველი სამაშველო ჯგუფები უკვე სრულ მზადყოფნაშია იმისათვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით, მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც უკვე მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონებში. ქართული მხარე მზად არის გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება. შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საგარეო უწყებას", - ნათქვამია მასში. |
||||||||||
![]() |
||||||||||







