თბილისში უძველესი ნამოსახლარი იპოვეს
08.07.12 13:41
უძველეს ნამოსახლარს მიაგნეს სპეციალისტებმა თბილისში. ნასახლარი და სხვადასხვა ნივთი დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში მშენებლობის დროს იპოვეს. ის ძვ.წ. აღ-ის I ათასწლეულს განეკუთვნება. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
ნამოსახლარის სავარაუდო ასაკი 3100-3200 წელია. არქეოლოგების თქმით, ფილაქნით მოპირკეთებული ადგილი ცხოველების სადგომი იყო, ოთახის მარცხენა ნაწილი კი სამოსახლო. არქეოლოგები წმენდენ თაროს, სადაც, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნივთები ეწყო.
სპეციალისტების თქმით, ნამოსახლარი მხოლოდ სამი დღეა, რაც აღმოაჩინეს და ჯერჯერობით საკმაოდ მწირი მასალაა მოპოვებული, თუმცა გათხრები გაგრძელდება, რის შემდეგაც უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ნივთების აღმოჩენას ელიან. აღმოჩენილია პატარა ქოთნები, რომლებიც იმ პერიოდს განეკუთვნება, ასევე ნაპოვნია სადაფის ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ გულსაბნევი, იყო და ბრინჯაოს ღილი. ნასახლარში ასევე ნაპოვნია ქვევრის პირი.
ექსპერტების თქმით, 3200 წლის წინ ეს ნამოსახლარი ხანძარმა გაანადგურა და კედელზე კიდეც არის შემორჩენილი ნახანძრალი.
ასევე ნაპოვნია ნივთები, რომლებითაც, სავარაუდოდ, ქვებსა და დანებს ლესავდნენ.
ნასახლარის ადგილას მიმდინარეობდა მშენებლობა, რის დროსაც გამოჩნდა კედლის ნაწილი და ამის შემდეგ დაიწყეს იქ არქეოლოგებმა მუშობა.
ნამოსახლარი გადაჭიმულია ერთ კილომეტრზე.
ექსპედიციის წევრები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ და სავარაუდოდ, ერთ კვირაში გათხრები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
|