თბილისში ამერიკელ სენატორებს ელოდებიან - ჯონ მაკკეინი, ჯონ ლიბერმანი და ლინდსი გრემი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს პირადად გაეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში გავლენიანი სენატორები ხელისუფლების წევრებს შეხვდებიან და საქართველოს რეგიონებსაც ეწვევიან.
ქართველი პოლიტიკოსების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს მიმართ ინტერესი არ მცირდება. ხელისუფლების წევრებთან სენატორების შეხვედრების დროს განიხილება საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ.
დილიდან გაფიცულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასობით თანამშრომელი - ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათი სურვილია, რომ ასევე 20%-ით გაიზარდოს ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.