რაზე ისაუბრეს სენატორებმა ივანიშვილთან შეხვედრაზე?!
07.09.12 14:58
რაზე ისაუბრეს ამერიკელმა სენატორებმა და ბიძინა ივანიშვილმა დახურულ კარს მიღმა - შეხვედრის მონაწილე პირების მხრიდან განსხვავებული ვერსიები დასახელდა. `მაკკეინს სააკაშვილის გვარის გახსნებაც არ სურდა,`- ასე იხსენებს სენატორებთან შეხვედრას ქართული ოცნების ლიდერი, რომელმაც ეს განცხადება ქარელში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
`დღეს ამერიკელებიც კარგად აცნობიერებენ, ვისთან აქვთ საქმე და არ ჩამოსულან მის მხარდასაჭერად, გარწმუნებთ. მაკკეინს, რომელსაც სააკაშვილი მის მეგობრად მოიხსენიებდა, დღეს მისი გვარის გაგონებაც არ სურდა და ყველანაირად ცდილობდა ეთქვა, რომ საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა,`- განაცხადა ივანიშვილმა.
თავად სენატორები კი აცხადებენ, რომ მსგავსი არაფერი უთქვამთ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს პასუხი თბილისში მყოფმა ჯონ მაკკეინმა და ჯო ლიბერმანმა გასცეს.
ამის შესახებ არაფერი არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, გვჯერა, რომ პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველომ, დიდხანს ემახსოვრება ქართველ ხალხს,`- განაცხადა მაკკეინმა.
ჯო ლიბერმანის განცხადებით კი ივანიშვილის განცხადება სიცრუეა.
`ეს სიმართლე არ არის, მსგავსი არაფერი თქმულა სააკაშვილის შესახებ. მეორეც, ჩვენ აქ იმიტომ არ ვიმყოფებით, რომ რომელიმე კანდიდატს ან პარტიას დავუჭიროთ მხარი, უბრალოდ, ეს არის ფაქტი. მიშა სააკაშვილს უკვე წლებია ვიცნობ, ვმუშაობ მასთან ერთად და ვხედავ ტრანსფორმაციას და პროგრესს საქართველოში,`- განაცხადა ჯო ლიბერმანმა.
|