`ნაციონალური მოძრაობის` მხარდამჭერი აქციები
08.09.12 19:58
"ქვეყანა წარსულში არ დაბრუნდება", - ეს პირობა დღეს მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ქალაქში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დადო.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ აქციაზე 3 საათისათვის გამოჩნდა. მასთან ერთად იმყოფებოდა პირველი ლედიც.
ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი აქციისათვის ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერებმა შეკრება იმერეთის 12-ივე რაიონში დილიდანვე დაიწყეს. დელეგატები ქუთაისში სხვადასხვა რაიონიდან საავტომობილო კოლონებით შევიდნენ.
პირველად შეკრებილ საზოგადოებას სანდრა ელისაბედ რულოვსი მიესალმა, შემდეგ კი საარჩევნო პროგრამით მხარდამჭერების წინაშე უკვე ქვეყნის პირველი პირი წარდგა.
დღის განმავლობაში დაგეგმილი აქციების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეკრება გაიმართა დღეს ბათუმშიც. მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან ლიდერების შეხვედრა ევროპის მოედანზე შედგა. ქალაქის ცენტრში დელეგატების შეკრება აჭარის რეგიონის სხვადასხვა რაიონიდან ჯერ კიდევ დილით დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები ბათუმში ავტოკოლონებით შევიდნენ. ქვეყნის პირველი პირი სარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილ დელეგატებს 2 საათისათვის შეუერთდა.
ამომრჩევლებთან შეხვედრა გურიაშიც გაიმართა. მმართველი გუნდის მხარდამჭერები დილიდან ოზურგეთში განახლებული თეატრალური მოედნის ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილნი.
ოფიციალურად შეკრება ოზურგეთის ცენტრში 12 საათისათვის გაიხსნა. მათ მალევე შეუერთდა პრეზიდენტიც, ქვეყნის პირველი პირი გურიაში სამეგრელოდან ჩავიდა. სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გურიას ახლა ძალიან უჭირს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ხალხმა პრობლემებს სძლიოს და მომავალმა თაობამ დაივიწყოს, რა არის სოციალური გაჭირვება.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა პირველი აქცია კი დღეს დილით სამეგრელოში გაიმართა. ზუგდიდში მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა შეკრებაზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა.
ზუგდიდის მთავარ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას პირველად სიტყვით პირველმა ლედიმ მიმართა. სანდრა ელისაბედ რულოვსის შემდეგ კი საზოგადოებას უკვე მიხეილ სააკაშვილი მიესალმა. აქ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყნის განვითარებასა და მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა ყურადღება.
|