მმართველი პარტია ივანიშვილის მიერ რუსეთში აქტივების გაყიდვას ეხმაურება
10.09.12 15:15
`რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს,`- ასე ეხმაურება კოალიცია `ქართული ოცნების` ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რუსეთში არსებული ქონების გაყიდვის შესახებ `ნაციონალური მოძრაობის` წევრი ზურაბ ჯაფარიძე.
სპეციალური ბრიფინგი დღეს მმართველი პარტიის ოფისში გაიმართა. ჯაფარიძე 8 სექტემბერს, ბრიტანულ გამოცემა `ინდიფენდენტში` გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის სათაურია - `ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი ქართული ოცნებით`.
`ამ განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, თუ ვისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იმყოფება ბიძინა ივანიშვილი თუნდაც ისეთი მარტივი გადაწყვეტილების მიღების დროს, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. ეს არის კრემლი და ეს არის პუტინი. აღნიშნული განცხადება გვიჩვენებს, რამდენად გავლენიანია და ძლიერია კრემლის ხელში არსებული ბერკეტები, როგორ იყენებს მათ პუტინი თავისი მიზნების განხორციელების დროს,`- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
`პუტინს რომ გაეგო, სააკაშვილს ვხვდებოდი, ჩემი ბიზნესი მეორე დღესვე დამთავრდებოდა,`- ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა ბრიტანულმა "ინდეფენდენტმა" დაბეჭდა, სადაც ივანიშვილი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გამდიდრდა. ყვება, როგორ შექმნა ბანკი "როსიისკი კრედიტი". ის ამტკიცებს, რომ ბანკი საეჭვო საქმიანობაში არასოდეს ყოფილა ჩართული, თუმცა სტატიის ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ მისი მოსკოვური წყაროები ამ ნათქვამზე იცინიან და ამბობენ, რომ ივანიშვილის ბანკი "ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცულია რუსეთში." ივანიშვილმა ჟურნალისტი თავის ზღვისპირა სახლში მიიღო, სადაც თავისი ცხოველებიც აჩვენა. "სულ 8 ჯიშის ფარშევანგი არსებობს, ყველა მყავს," - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტს.
ამ სტატიაზე და თავისი რუსული აქტივების გასხვისებაზე კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პრესასთანაც გაკეთა. `ინდეფენდენტის` სტატიაში მოყვენილ გამონათქვამებს ის გაზვიადებულს უწოდებს.
|