აშშ-ის უწყებათაშორისი დელეგაციის შეხვედრები
10.09.12 17:54
ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ტომას მელიას ხელმძღვანელობთ დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ ქრისტიან-დემოკრატებსა და `ქართული ოცნების` წევრებს. მოლაპარაკება გამართეს მმართველი გუნდის წევრებთან. საუბარი წინასაარჩევნო გარემოს, ქვეყნის შიდა და გარე პრობლემებს შეეხებოდა.
შეხვედრების შემდეგ კომენტარები პარტიების ლიდერებმა გააკეთეს.
`მათ აინტერესებდათ, რამდენად კონკურენტულია საარჩევნო გარემო, როგორ ხდება მედია გაშუქება, რა სიტუაცია არის საარჩევნო სიების გამოსწორების კუთხით, არის თუ არა დაშინების ფაქტები,`- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, კი დელეგაციის წევრები კარგად იცნობენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მათ მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.
`შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები,`- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
`საუბრის მთავარი თემა იყო არჩევნები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და პროცესები. ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ გაიმარჯვოს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში და ამ მიზნით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ასეთი დაინტერესება,`- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ხელმძღვანელობით, თბილისს უწყებათაშორისი დელეგაცია დღეს დილით, გამთენიისას ეწვია. ტომას მელიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
|