პრემიერ-მინისტრი დუშეთის რაიონში იმყოფებოდა
12.09.12 12:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუშეთის რაიონში მდინარე თეთრ არაგვზე ”არაგვი ჰესის” სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში დასრულდება.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მოცულობით, ამ რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. სწორედ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმდინარეობს ამჟამად ქვეყანაში 17 ჰესის მშენებლობა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. `არაგვი ჰესის` სიმძლავრე 8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარია. ჰესის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული.
პრემიერ-მინისტრი ასევე გუდაურსა და ფასანაურს შორის, სოფელ ნაღვარევში მდებარე საოჯახო სასტუმრო "არაგვს" ესტუმრა. ვანო მერაბიშვილმა სასტუმროს მფლობელს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც ამ ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შედეგად, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში ტურისტების რაოდენობისა და მგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდაზე.
მისი განცხადებით, კობი-გუდაურის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მომდევნო წლის აპრილში დასრულდება, აღნიშნულ რაიონებში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დამატებით შემოსავალს მოუტანს მათ.
|