ევროსაბჭოს დელეგაციამ ვიზიტი შეაჯამა
12.09.12 21:12
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, არჩევნების შედეგები წინასწარ ეჭვქვეშ არ დააყენონ. ბრიუსელიდან ჩამოსული დელეგაცია შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში მართავდა და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს ეცნობოდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.
"მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ის ლაკმუსის ტესტი იქნება დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ქვეყნის ერთგულების დასამტკიცებლად.
"პლურალისტული და კონკურენტული გარემო, რომელიც შექმნილია წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩეველს საშუალებას მისცემს გააკეთოს თავისი არჩევანი.
"მიუხედავად ამისა, დელეგაცია გამოხატავს შეშფოთებას იმ პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო, რომელიც იქმნება დაპირისპირებულ მხარეებს შორის და რომელიც არასასურველ ჩრდილს აყენებს საარჩევნო კამპანიას.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში ასეთი ნეგატიური კამპანიის წარმოებისაგან და სანაცვლოდ ამომრჩეველს გააცნონ საკუთარი საარჩევნო პლატფორმა, თუ რას სთავაზობენ მას.
"ხელისუფლებამ და ყველა საარჩევნო სუბიექტმა უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კონსტრუქციული და ინკლუზიური კამპანიისათვის აუცილებელი გარემო და ყველამ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რაც გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის ყველა პარტიის თანასწორ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში.
"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ მთლიანად დაემორჩილოს საარჩევნო კანონმდებლობას და ხაზს ვუსვამთ, რომ კანონის უსამართლოდ გამოყენების აღქმა არ უნდა გახდეს იმის გასამართლებელი საბაბი, რომ ვინმე კანონს არ დაემორჩილოს.
"დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლიობისა და სამართლიანობისადმი. ყველა პარტიამ და სახელმწიფო დაწესებულებამ თავი უნდა შეიკავოს ნაბიჯების გადადგმისაგან, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ამ ნდობას და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა კიდევუფრო გამყარდეს.
"სწორედ ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნები და მისი შედეგები, ვიდრე არჩევნები მაინც ჩაატარებულა," - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლუკა ვოლონტემ.
პირველი შეხვედრა კი დელეგაციამ დღეს დილით სახალხო დამცველთან გამართა. ბრიუსელიდან ჩამოსული 10-კაციანი ჯგუფი, ლუკა ვოლონტეს ხელმძღვანელობით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს სწავლობს. სწორედ ამიტომ, სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, სახალხო დამცველთან მოლაპარაკების თემა არა ზოგადად ადამიანის უფლებები, არამედ საპარლამენტო არჩევნებამდე შექმნილი ვითარების განხილვა იყო.
სახალხო დამცველის შემდეგ, ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ საუბარი ქრისტიან-დემოკრატებთან გაგრძელდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ოპოზიციურ ძალებს დღეს ცალ-ცალკე შეხვდა. გიორგი თარგამაძის პარტიასთან კონსულტაციების შემდეგ ლუკა ვოლონტეს ჯგუფი დავით გამყრელიძეს, მოგვიანებით კი "ქართულ ოცნებას" გაესაუბრა.
რატომ არის პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო და რა ვითარებაში მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების კამპანია, ამ საკითხებს განიხილავდა ევროსაბჭოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებთან.
დღესვე ბრიუსელიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა და სახელმწიფო აუდტის სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღეს.
|