შტეფან ფულე ივანიშვილს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს
14.09.12 11:50
ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კოალიცია `ქართული ოცნების` ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერას სთხოვს.
როგორც შტეფან ფულეს სპიკერი აცხადებს, ფულესა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბრიუსელში მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც კოალიცია ქცევის წესების დეკლარაციას შეუერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ `რადიო თავისუფლება`ავრცელებს.
შეხვდება თუ არა მომავალ კვირას ბრიუსელში ჩასული კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ორ პირობაზეა დამოკიდებული. ეს პირობები ბრიუსელში `რადიო თავისუფლებასთან` საუბარში შტეფან ფულეს სპიკერმა ჩამოთვალა.
`ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია `ქართული ოცნება` ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ `ქართული ოცნებისათვის` მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა, ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, - აცხადებს პეტერ სტანო.
|