ივანიშვილი პუტინის კრიტიკას თავს არიდებს
14.09.12 12:05
ბიძინა ივანიშვილი პუტინის კრიტიკას თავს არიდებს. მასთან ინტერვიუ `ფრანს პრესმა` გამოაქვეყნა.
`ქართული ოპოზიციის მილიარდერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილს `პროფესიონალ მატყუარას` და `ძაღლის შვილს` უწოდებს, და იმუქრება მილიონიანი საპროტესტო აქციებით, თუ არჩევნები გაყალბდება,`- ამ სიტყვებით იწყება სტატია ბიძინა ივანიშვილზე.
`მაგნატმა უარი განაცხადა გაეკრიტიკებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც სააკაშვილის ჩამოკიდებით იმუქრებოდა,`- წერს ავტორი.
ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილება ფრანს პრესთან საუბრისას შემდეგი სიტყვებით ახსნა: `მე არ მინდა პუტინის გაკრიტიკება იმიტომ, რომ არ მინდა მივბაძო სააკაშვილს და დავიწყო დიდი ქვეყნის კრიტიკა. ჩვენ მოგვიწევს ვილაპარაკოთ რუსეთთან, რომ მოვახდინოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება და მე არ მინდა ამას ხელი შევუშალო`.
ინტერვიუში ქართული ოცნების ლიდერი ყვება, რომ სააკაშვილთან ურთიერთობა 2007 წლის შემდეგ გაწყვიტა. ამ პერიოდის გახსნებისას მილიარდერი მიხეილ სააკაშვილის პიროვნულ შეურაცხყოფაზეც გადადის. `ის ძაღლის შვილია, რადგან მომატყუა, თითქოს ჩემი რჩევის გამო გადადგა, სინამდვილეში კი მასზე ზეწოლა ამერიკელებმა მოახდინეს,` - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
|