განახლებული ბაგრატის ტაძარი გაიხსნა
14.09.12 20:48
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძართან გააკეთა. დღესვე მიხელ სააკაშვილი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებას გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა - დაესწროს ტაძრის კურთხევას, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან ერთად.
განახლებული ბაგრატი გახსნამდე დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. ტაძარში მეუფე კალისტრატესთან ერთად მიხეილ საკაშვილი იმ იტალიელ არქიტექტორსაც შეხვდა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ავტორია.
განახლებული ბაგრატის ეზოდან დღესვე პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს სპეციალური განცხადებით მიმართა.
კათოლიკოს პატრიარქმა ბაგრატში კვირას წირვაზე ერთად დასწრებისკენ ყველა ძალას რამდენიმე დღის წინ მოუწოდა. საუკუნოვანი პაუზის შემდეგ ილია მეორე წირვა-ლოცვას აღდგენილ ტაძარში აღავლენს. სამუშაოები ბაგრატზე უკვე დასრულებულია. პრეზიდენტმა დღეს რეაბილიტაციის პერიოდიც გაიხსენა.
ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის ინიციატივით და პატრიარქის კურთხევით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის აღდგენის პირობა ინაუგურაციაზე სწორედ ტაძრის ეზოში დადო.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაზე ქართველი და იტალიელი არქიტექტორები ერთობლივად, იუნესკოს რეკომენდაციებით რამდენიმე წელი მუშაობდნენ.
ამ ხნის განმავლობაში ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია, პოლიტიკური ბრძოლის იარაღადაც იქცა. ოპოზიციის ერთი ნაიწლი პრეზიდენტისა და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიისთვის ბაგრატის ახალი იერსახის კრიტიკას აქტიურად იყენებდა. "ქართული ოცნების" წევრები რეაბილიტაციის გეგმას არაერთი განცხადებით და აქციებითაც აპროტესტებდნენ. ნანგრევებად ქცეული ძეგლს პირვანდელი სახე უკვე დაუბრუნდა.
პოლიტიკური შეტევა და იუნესკოს ერთ-ერთი ექსპერტის შეფასება ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციისას ხანმოკლე პაუზის მიზეზიც გახდა. პრობლემა კულტურის მინისტრის იუნესკოს ხელმძღვანელობასთან და პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ამოიწურა. ბაგრატმა საბოლოო სახე იმ რეკომენდაციების საფუძველზე შეიძინა, რომელიც ქართველმა და იტალიელმა არქიტექტორებმა საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღეს.
ტაძარი სულ რამდენიმე კვირის წინ გადახურეს და გუმბათზე ჯვარი პრეზიდენტმა და სასულიერო პირებმა ერთად აღმართეს. ბაგრატი აღდგენილია და საქართველოს რელიგიური და კულტურული ცენტრი მრევლს 16 სექტემბრიდან ელოდება.
|