საქართველოს განახლებულ ქალაქებს დღეიდან კიდევ ერთი - ყვარელი დაემატა. ქალაქში დღეს სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. კახეთში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ობიექტი პირადად გახსნა.
განახლებულ ყვარელში დილიდან სახალხო სეირნობაა. ქალაქში ჩასული არიან ტურისტები. ყვარლის ცენტრში მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მსურველებს რამდენიმე კუთხეში მოწყობილ სპეციალურ ადგილას კახური ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც აქვთ. დღის ბოლოს დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. იმღერებს გიორგი უშიკიშვილის გუნდი. შეკრებილების წინაშე წარდგებიან სუხიშვილებიც.
ყვარელში დღესვე გაიხსნა ახალი იუსტიციის სახლიც. შენობის თანამედროვე დიზაინი ქართველი არქიტექტორის შექმნილია. დასაქმებულია 25 ადგილობრივი მოსახლე.
ყვარლის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეს 250-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში ეძლევა. პარალელურად, ყვარელში აშენდა იუსტიციის ახალი სასწავლო ცენტრიც.
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ.
დილიდან გაფიცულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასობით თანამშრომელი - ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათი სურვილია, რომ ასევე 20%-ით გაიზარდოს ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.