ანა გურჯი `ისლამის უცოდველობის` შესახებ
18.09.12 10:45
სკანდალურ ფილმში - `ისლამის უცოდველობა`ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი, იგივე ანა გურჯი თამაშობს. ამერიკულ ინტერნეტ-გამომცემლობა `ჰაფინგტონ პოსტზე`გამოქვეყნდა გურჯის წერილი, რომელიც მსახიობმა ერთ-ერთ ვებგვერდზე განათავსა. ანა გიორგობიანი წერს, რომ არც მან და არც სხვა მსახიობებმა არ იცოდნენ სინამდვილეში რა გეგმა ჰქონდათ ამერიკაში ამ ფილმთან დაკავშირებით.
"მუჰამედი გადაღებების დროს არც კი უხსენებია არავის. ხალხი რომ მეკითხება, რა რეაქცია მქონდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ერთადერთსიტყვიანი პასუხი მაქვს - შოკი. ფილმი რომ ვნახე, ტირილი წამსკდა." მსახიობი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული არ არის და ეშინია, მაინც არ დაიმალება. "მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, მე არ ვიმალები, რადგან დასამალავი არაფერი მაქვს," - წერს გურჯი.
ქართველ მსახიობს რუსთვი 2-ის ამერიკის ბიუროც დაუკავშირდა. ჩვენს თხოვნაზე, ჩაგვეწერა ინტერვიუ, ანა გიორგობიანი გვპასუხობს: `ძალიან დათრგუნული ვარ დღევანდელი ამბებით. რამდენიმე დღე არ ვაპირებ არავისთვის ინტერვიუს მიცემას. როცა სიტუაცია დაწყნარდება, ხალხს ბრაზი გადაუვლის და რომ შეძლებენ სიმართლის მოსმენას, მაშინ აუცილებლად შეგეხმიანებით,`- გვიპასუხა ქართველმა მსახიობმა.
ანა გიორგობიანი, რომელიც ცნობილია ანა გურჯის ფსევდონიმით, 1991 წლის 1 აპრილს დაიბადა. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში - „ეს დღე რომ არ ყოფილიყო“ (2005). მანამდე კი 1998 წელს ის გამოჩნდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ქალაქის“ ეპიზოდში.
|