შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
18.09.12 17:12
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.
`გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურ ეპყრობოდა, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.
მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე აღბეჭდვა და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში მყოფი თამაზ თამაზაშვილისაგან მიიღეს.
ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხდებოდა.
ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა, ჩადენილ იქნა სხვა, ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.
გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძეზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიება გრძელდება,`- ნათქვამია განცხადებაში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში. მინისტრ ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურები სრულ კოორდინაციაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და გამოვლენილ იქნა აღნიშნული დანაშაული. მისივე თქმით, მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.
`ვინც გარედან ცდილობს პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი კანონის ფარგლებში,`- განაცხადა კალმახელიძემ.
|