პრეზიდენტი გურიაში იმყოფებოდა
18.09.12 17:30
მიხეილ სააკაშვილი გურიაში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და მოსახლეობას რეგიონში განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა.
პრეზიდენტმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში, სადაც დღეს ახალი სკოლა გაიხსნა. 300 მოსწავლისთვის გათვალისწინებული სასწავლებელი 1 წელიწადში აშენდა. ახალ შენობაში მოსწავლეებს დღეს კომპიუტერებით აღჭურვილი `მომავლის კლასიც`დახვდათ.
ჩიბათიდან სააკაშვილი სოფელ მამათში ჩავიდა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. 17,5 კმ-იანმა გზამ 5 სოფელი - შუხუთი, აცანა, მამათი და ძიმითი ერთმანეთს უნდა დააკავშიროს. გზის პარალელურად, სანიაღვრე არხების და ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 110 ადამიანია დასაქმებული. მათი უმეტესობა ადგილობრივია.
მიხეილ სააკაშვილი ურეკშიც ჩავიდა და "გურია პარკი" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდტთან ერთად დაათვალიერა. ურეკში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მომავალი წლისთვის აქ განახლებული სანაპირო ზოლიც უნდა მოეწყოს.
|