გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა
20.09.12 14:22
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა. ყოფილი სახალხო დამცველი ამ პოსტზე ხათუნა კალმახელიძეს შეცვლის.
პრეზიდენტის თქმით, გიორგი ტუღუში მწვავედ აკრიტიკებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მინისტრსაც და იქ არსებულ ვითარებასაც, თუმცა რაღაც ნაწილი გიორგი ტუღუშის კრიტიკისა გაითვალისწინეს, რაღაც ნაწილი კი გამორჩათ.
"ძალიან მკაცრ კრიტიკოსს ვნიშნავ და ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან სრულიად ახალი სისტემა გვჭირდება. ახალმა სისტემამ ასეთი ტიპის დარღვევები უნდა გამორიცხოს. ის არის დიდი ხნის საერთაშორისო ექსპერტი, მნიშვნელოვანი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი ამ სისტემის მინისტრი იქნება," - განმარტა მან. მიხეილ სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ გიორგი ტუღუშს სრული თავისუფლება ექნება და იგი კანონსა და საზოგადოებას დაექვემდებარება.
გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველად 2009 წლიდან მუშაობს.
ხათუნა კალმახელიძე თანამდებობიდან გუშინ გადადგა. მისი გადაწყვეტილება გლდანის N8 ციხეში პატიმართა არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას მოჰყვა.
|