სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ
20.09.12 20:42
"არ აწამო!" "არა ძალადობას" - ამ დევიზით გაიმართა სტუდენტთა აქცია ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. მანამდე კი სტუდენტების ნაწილი და კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან იყვნენ შეკრებილები.
ახალგაზრდები დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას და მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
ციხეებში არსებული ვითარება სტუდენტებმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც გააპროტესტეს. ისინი დღის სამ საათზე შეიკრიბნენ. მათ მოგვიანებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ორსაათიანი აქციის შემდეგ სტუდენტების ნაწილი იუსტიციის სამინისტროსკენ დაიძრა. გზად მათ სტუდენტების კიდევ ორი ნაკადი შეურთდა. ახალგაზრდები მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც, რომლებიც რეგიონებში სწავლობენ, შეუერთდნენ თბილისში მიმდინარე აქციებს.
|