ტუღუშმა სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები წარადგინა
22.09.12 17:47
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი ტუღუშმა მისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები და კონკრეტული ნაბიჯები გააცნო მედიასა და საზოგადოებას.
”სასჯელაღსრულების სისიტემა თანამედროვე სტანდარტების დაცვით იმუშავებს," - განაცხადა ტუღუშმა.
მისივე განცხადებით, მოხდება სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმირება.
,,სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმირება მოხდება. გადავა თანამედროვე სტანდარტებზე და ამისათვის გათვალისწინებული იქნება საუკეთესო მოდელები, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს გამართული, ეფექტური, ადამიანის პატივსა და ღირსებაზე მორგებული სასჯელაღსრულების სისტემა,`- განაცხადა ტუღუშმა, რომელმაც სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
,,გაუმჯობესდება პატიმართა ყოფითი პირობები. ამ კუთხით დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება: გლდანის #8 დაწესებულებაში შევიტანთ 1600 ახალ მატრასს. იგეგმება პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება. ასევე პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვადამდე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა და ზოგადად ამ კომისიის რეფორმაც. ასევე ვგეგმავთ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება," - განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშის განცხადებით, სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად, მოწესრიგდება საპატიმროებში ადვოკატების მუშაობის, პაემნებისა და საპატიმროებში ჯანდაცვის საკითხები.
|