ბურჯალიანი პარიზში შეხვედრებს მართავს
25.09.12 11:33
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში არჩევნებისთვის დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. თინა ბურჯალიანის ინფორმაციით, ცნობილი გახდა იმ საიდუმლო შეხვედრების შესახებ, რომლებიც საფრანგეთში მიმდინარეობდა.
პარიზში მყოფი თინა ბურჯალიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კონსულტაციებს ფრანგ კოლეგებთან მართავენ. მინისტრის მოადგილის თქმით, საფრანგეთში შეხვედრები იმართებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ კანონიერ ქურდებსა და ზოგიერთ პოლიტიკოსს შორის და ამ შეხვედრებზე არჩევნებისთვის ქვეყანაში არეულობა მზადდებოდა, თუმცა კონკრეტული გვარები ამ დროისათვის ჯერ არ სახელდება. ქართული მხარე პარიზში ჟანდარმერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება. ჟანდარმერიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესახებ საქ-ოს პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად ჩააყენა. ვანო მერაბიშვილისა და მანუელ ვალის შეხვედრა პარიზში დაახლოებით ორი კვირის წინ შედგა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გახდა ცნობილი იმ გეგმის შესახებ, რომელსაც საფრანგეთში გამართულ საიდუმლო შეხვედრებზე ქართული არჩევნებისთვის ამუშავებდნენ.
|