რუსული ჯარი ისევ საქართველოს საზღვართან რჩება
29.09.12 20:46
საქართველოს საზღვრებთან განლაგებული რუსული ჯარი ტერიტორიას არ ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო წვრთნა `კავკასია 2012` უკვე შეწყდა. ზოგიერთი ექსპერტი პარალელს ავლებს 2008 წლის მოვლენებთან, როდესაც მსგავსი სწავლება რუსეთმა ივლისში დაიწყო, აგვისტოში კი მომზადებული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე საომრად შემოვიდა.
`კავკასია 2012` საქართველოს საზღვრებთან მეზობელ სომხეთში და ოკუპირებულ რეგიონებში ერთდროულად ჩატარდა. წვრთნის სცენარი და მასში მონაწილე სამხედროების რაოდენობა იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია კრემლთან დაახლოებულმა რუსულმა მედიასაშუალებემაც კი ვერ მოიპოვეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოსკოვმა წვრთნის პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები გადმოისროლა.
საქართველოს საზღვართან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია პირველებმა ევროკავშირის დამკვირვებლემა გააჟღერეს. დაკვირვებლების შეშფოთება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალის მოულოდნელმა ზრდამ და მანევრებმა გამოიწვია.
ის, რომ რუსეთმა მაშტაბური სამხედრო წვრთნა უშუალოდ საქართველოს სიახლოვეს და მის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნების დროს დაგეგმა, ეჭვს უჩენს ცნობილი სამხედრო ანალიტიკოსს ჯონ ჩიკსაც. ჩიკი წლების განმავლობაში პენტაგონში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებით. ცნობილი ამერიკელი ექსპერტი მოსკოვის მოსკოვის მიერ ჩატარებულ წვრთნას სიფრთხილით უყურებს და აცხადებს, რომ კრემლს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივი წვრთნის ჩატარება.
|