ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა
05.10.12 20:18
ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შეხვედრა ბიზნესმენებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით გაიმართა. საუბარი იმ პროგრამასა და ინიციატივებს შეეხო, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას ეკონომიკის მიმართულებით ექნება.
შეხვედრას, ძირითადად, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ყველა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ, როგორც ქართველი, აგრეთვე უცხოელი ბიზნესმენები. ივანიშვილმა მათ მოუწოდა, ბოროტად არ ისარგებლონ ხელისუფლებასთან მეგობრობით და საქმიანობა კანონის ფარგლებში წარმართონ.
ბიზნესმენებმა ივანიშვილისგან დაპირებაც მიიღეს, რომ ხელისუფლება მათ საქმიანობაში კანონგარეშე არ ჩაერევა; ასევე კანონის მთელი სიმკაცრით ამუშავდება ანტიმონოპოლიური სამსახური და ის ჩინოვნიკები, რომლებსაც ექნებათ მცდელობა, რომ ბიზნესმენების საქმიანობაში ჩაერიონ, მკაცრად იქნებიან დასჯილი და ყურადღება მიექცევა შრომის კოდექსს.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე გააფრთხილა ბიზნესმენები, რომ შეამცირონ ფასები, რომლებიც ხელოვნურადაა გაზრდილი.
ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებთან ერთად მივიდა. აქ იმყოფებოდნენ - დავით საგანელიძე, გია ხუხაშვილი, ნოდარ ხადური და დავით ონოფრიშვილი. ისინი ვერ საუბრობენ კონკრეტულ შეღავათებზე, რომლებიც შესაძლოა ბიზნესმენებისათვის დაწესდეს, თუმცა ამბობენ, რომ გარანტიები, რომლებმაც დღეს ბიზნესმენებმა ბიძინა ივანიშვილისაგან მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შეკრებილ ბიზნესმენებს ძირითადად აინტერესებდათ, როგორი იქნება მომავალში მთავრობის პოლიტიკა, შემცირდება თუ არა საბანკო განაკვეთები და მათ შემთხვევაში, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ქონება უკანონოდ არის დაყადაღებული, როგორი რეაგირება ექნება ახალ მთავრობას. ბიძინა ივანიშვილმა მათ მოუწოდა, რომ ყველა სადავო საკითხისათვის მიმართონ სასამართლოს.
შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.
"მაქსიმალური მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან და გარანტიაც მივეცი, რომ არც ერთ შემთხვევაში ხელისუფლება და ჩინოვნიკები ვერ გაბედავენ და არ ჩაერევიან კერძო საკუთრებასა და კერძო ბიზნესში. შემიძლია თქვენ წინაშეც გავიმეორო, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად იყოს დაცული კერძო საკუთრება და არ მოახერხოს არც ერთ შემთხვევაში ჩინოვნიკმა კანონის გარეშე ჩარევა კერძო საკუთრებაში. გარდა ამისა, მე ჩამოვთვალე ეკონომიკურად და სამართლებრივად რა უნდა განახორციელოს სახელმწიფომ, რომ რეალური საინვესტიციო გარემო შეიქმნას საქართველოში და ბიზნესი განვითარდეს, რამეთუ ეს არის საფუძველი ეკონომიკის აღორძინებისა და ბრძოლისა იმ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც უმუშევრობა ჰქვია," - თქვა მან.
ივანიშვილის თქმით, ბიზნესმენებთან შეხვედრები გაგრძელდება.
|