`ქართული ოცნების` აქტივისტი ჟურნალისტს სასამართლოთი ემუქრება
05.10.12 21:13
"ქართული ოცნების" აქტივისტი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს სასამართლოთი ემუქრება. ტელეკომპანიის ქუთაისის ბიუროს კორესპონდენტს ედიშერ მუშკუდიანს დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მიხეილ ამაშუკელმა განუცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ციხეში მოხვდება, ვინაიდან სწორედ მის მიერ გადაღებული მასალის საფუძველზე დააკავეს ამაშუკელი.
ამავე ბრალდებით, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობისთვის დაკავებული იყო მიხეილ მესხიც, რომელიც დღეს აგრეთვე გაათავისუფლეს. ამაშუკელის მსგავსად, ბრალდებას მესხიც უარყოფს.
მიეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ე.წ. "ოცნების ბარათების" დარიგების დროს მოსახლეობას უთხრეს, რომ ბარათებში მათ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩაწერა შეეძლოთ და ამ სურვილს მათ კოალიცია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აუსრულებდა. სასამართლომ ისინი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი და აგრეთვე ზაზა ამბროლაძე ქუთაისის საპყრობილიდან დღეს გაათავისუფლეს. წინასწარ პატიმრობაში მათ სამი თვე გაატარეს.
მათ გათავისუფლებას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თეა წულუკიანი და ეკა ბესელიაც დაესწრნენ. მათ განაცხადეს, რომ სასამართლომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გარეშე იმოქმედა და პატიმრების გათავისუფლებით სწორი ნაბიჯი გადადგა.
|