თბილისობა დღეს სრულდება
07.10.12 18:00
თბილისობის მესამე დღეს დედაქალაქის ძველ უბნებში დილიდან ხალხმრავლობა იყო. სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის იყო გათვალისწინებული.
ერთდროულად რამდენიმე კონცერტი გაიმართა დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას. სცენაზე, მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლები და ქართული მუსიკალური ჯგუფები ენაცვლებოდნენ.
სიონის სკვერში დილიან დაიწყო ჩაისა და თაფლის ფესტივალი. ყველა მეწარმეს საკუთარი კუთხე ჰქონდა მოწყობილი, სადაც პროდუქტების დაგემოვნება ნებისმიერ სტუმარს შეეძლო. ქართული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს გორგასლის მოედანზეც, სადაც პარალელურად ღვინის ფესტივალი მიმდინარეობდა.
აბანოთუბანში მისულ პატარა სტუმრებს ხატვის გაკვეთილებს ზაალ სულაკაური უტარებს. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დილიდან დაიგეგმა - ევროპის მოედანზე მოეწყო მხიარული სტარტები, რიყის პარკთან კი ტრადიციული სპორტული თამაშობები გაიხსენეს.
თბილისობაზე მისულ სტუმრებს დღესასწაული მერმაც მიულოცა. გიგი უგულავამ თბილისის სადღეგრძელო უცხოელ სტუმრებთან ერთად დალია.
მოგვიანებით მერმა უცხოელ სტუმრებს ლეღვთახევიც დაათვალიერებინა, რომლის გახსნაც საგანგებოდ თბილისობის დღესასწაულს დაამთხვიეს. ხევი წლების განმავლობაში ბეტონით იყო დაფარული, ამიტომ იქ არსებული ისტორიული ნაქალაქარი მნახველებისთვის მიუწვდომელი იყო. დღეს კი ისტორიული ადგილი რეაბილიტირებულია - აქ საფეხმავლო ბილიკებია გაკეთებული, დამონტაჟებულია ლამპიონები, სტუმრებისათვის პატარა ხიდებიცაა მოწყობილი.
33-ე თბილისობა დღეს სრულდება. დღის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. ტრადიციული წარმოდგენებითა და განახლებული პროგრამით კი სტუმრებს თბილისი მომავალ შემოდგომას ისევ უმასპინძლებს.
დედაქალაქელებს დღეს დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. თბილისობაზე შეკრებილ სტუმრებს პრეზიდენტი მეიდანზე შეხვდა.
აბანოთუბანში კი პრეზიდენტმა რეაბილიტირებული ლეღვთახევი დაათვალიერა. პრეზიდენტი თბილისობაზე მისულ ტურისტებსაც გაესაუბრა.
|