მინისტრობის კანდიდატები მოქმედ მინისტრებთან კომუნიკაციას იწყებენ
08.10.12 17:46
მინისტრობის ახალი კანიდატები მოქმედ მინისტრებთან კომუნიკაციას იწყებენ. გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს. `ქართული ოცნების` და `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` სამუშაო ჯგუფების მეორე რაუნდი დღეს გაიმართა. გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დღეს საღამოდან გამართავენ კონსულტაციებს და მიიღებენ ინფორმაციას ცალკეული უწყებების მუშაობის შესახებ.
`დღეს საღამოს კი მოქმედ მინისტრებსა და ჩვენს კანდიდატებს შორის კომუნიკაცია შედგება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი წარმომადგენლები მივლენ ყველა სამინისტროში და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან,`- განაცხადა `ქართული ოცნების` წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ასეთ რეჟიმში ისინი 2 კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
მისივე თქმით, მათ `ნაციონალური მოძრაობის სამუშაო ჯგუფს უკვე გადასცეს სია, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი.
კომენტარი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამაც გააკეთა. საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ ამ ჯგუფებს არ ექნებათ გადაწყვეტილების მიღების უფლება.
`ეს იქნება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები და კონსულტაციები იმისათვის, რომ ინფორმირებული ვიყოთ ამ უწყებებში რა ვითარებაა დღეს. კვირის ბოლოს კი შედგება შემდეგი შეხვედრა,`- განაცხადა ალასანიამ.
|