ივანიშვილისა და სააკაშვილის თანაგუნდელებმა შეხვედრა შეაფასეს
09.10.12 18:38
ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ კოალიციის ლიდერის თანაგუნდელებმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვეს, თუმცა კომენტარები მოგვიანებით გააკეთეს და დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასეს.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრას ნაყოფიერი და კონსტრუქციული უწოდა, ირაკლი ალასანიამ კი თავად შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სოზარ სუბარის თქმით კი სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრა ცალკე გაიმართა.
`სამუშაო ჯგუფები ცალკე ვსაუბრობდით, პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი ცალკე, თუმცა, ბუნებრივია, ვიცით ზუსტად რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რაც გაკეთდა განცხადებები, ამ ეტაპზე საკმარისია და მოგვიანებით, თუ თავად ჩათვლიან საჭიროდ, დანარჩენ დეტალებს თავად გამოიტანენ,`- განაცხადა სუბარმა.
მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ კი პირველი განცხადება დავით ბაქრაძემ და პავლე კუბლაშვილმა გააკეთეს.
`დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ორივე მხარეს ეკისრება იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლა განმსჭვალული იყო სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრებით, რომ ჩვენთვის მთავარია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესი,`- განაცხადა ბაქრაძემ.
პავლე კუბლაშვილის შეფასებით კი ბიძინა ივანიშვილის განცხადება უფრო მეტად პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეფასებას ჰგავდა, ვიდრე იმ ადამიანისას, რომელმაც სულ მალე ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა უნდა დაიკავოს ქვეყანაში.
`ამიტომ ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად წარმოჩნდეს მისი ხედვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით,`- განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
|