თამაზაშვილი ციხიდან გაათავისუფლეს
10.10.12 10:00
თამაზ თამაზაშვილს ციხიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ღარიბაშვილის სიმამრმა საპყრობილე დღეს დილით დატოვა.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება გუშინ დაამტკიცა.
ყოფილ პატიმარს ნათესავები და ახლობლები დახვდნენ და გათავისუფლება მიულოცეს. ისინი თამაზაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდნენ და აცხადებენ, რომ საპროცესო გარიგება არ ყოფილა, რადგან მას ბრალი არ უღიარებია.
თავის უდანაშაულობაზე ისაუბრა თამაზაშვილმაც, თუმცა დაბრუნდება თუ არა ის ძალოვან სტრუქტურებში, ამაზე მას პასუხი არ ჰქონდა.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის ადვოკატებმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 4 ოქტომბერს მიმართეს. ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის თამაზ თამაზაშვილს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ 2012 წლის 30 აპრილს მიუსაჯა. ის დღემდე თბილისის მერვე საპყრობილეში იხდიდა სასჯელს. კოალიცია `ქართული ოცნების`ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მოითხოვა თამაზაშვილის გათვისუფლება. ის აცხადებდა, რომ ეს უკანასკნელი შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა.
|