ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ახალ წლამდე დამტკიცდება
10.10.12 20:13
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ახალ წლამდე დამტკიცდება. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც იურიდიული კომიტეტი საკანონმდებლო ორგანოში განიხილავს.
ამ ეტაპზე უცნობია, ვის შეეხება ამნისტია. კონსულტაციები "ქართულ ოცნებაში" უკვე დაწყებულია, რომელშიც არასამთავრობოებიც მონაწილეობენ. საუბარია უკანონო პატიმრების გათავსუფლებაზე, სასჯელთა შეკრებითობის და პრობაციონერებისთვის პირობითი სასჯელის გაუქმებაზე.
"სისხლის სამართლის საქმეების ნაწილი უსამართლოდ არის გამოტანილი. ასეთი საქმეებით გასამართლებულთა გაჩერება ციხეებში, სანამ ყველაფერი გადაისინჯება, კვლავ იქნებოდა მათი უფლებების შელახვა. ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია, ახალ წლამდე მოესწროს ამ კანონის მიღება," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ.
"ახალი ინიციატივა მისაღები არის იმდენად, რამდენედაც ჯდება ზოგადად სამართლებრივ ჩარჩოებში. აქ საუბარი იქნება იმაზე, თუ რომელ მუხლებს შეეხება, მსჯავდებულების რომელ კატეგორიას შეეხება ეს ამნისტია, იმდენად, რამდენადაც გასათვალისწინებელი იქნება შენარჩუნდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების არსებული დონე. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამნისტიით არ უნდა მოხდეს კრიმინალის დონის გაზრდა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
|