გრიგოლ ვაშაძემ ლატვიასა და ესტონეთში სამუშაო შეხვედრები გამართა
11.10.12 11:49
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრები გამართა. გრიგოლ ვაშაძეს შეხვედრები ჰქონდა ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ურმას პაეტთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს; აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები, ხაზი გაუსვეს ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას და ისაუბრეს დაახლოების პროცესში განსახორციელებელ სამომავლო ამოცანებზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა ლატვიისა და ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, რეგიონული და საერთაშორისო დონის მნიშვნელოვან საკითხებს.
საქართველოსა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მასმედიის წარმომადგენლებისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
|