ომბუდსმენის კანდიდატურებზე მსჯელობა გრძელდება
11.10.12 19:59
როგორ მოხდება სახალხო დამცველის არჩევა, - ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ომბუდსმენი იქნება ის, ვისაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობა და ოპოზიციის უმრავლესობაც.
ამავე პროგრამის მიხედვით, თუ კანდიდატმა ვერ მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა, მაშინ პარლამენტში წარდგენილი კანდიდატებიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევენ საქართვლოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამათლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
იურისტები აცხადებენ, რომ ეს შესაბამისობაში არ მოდის კონსტიტუციასთან.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით კი, პრობლემა არ შეიქმნება, რადგან ისინი გეგმავენ სახალხო დამცველი აირჩიონ მოქმედი კანონმდებლობით, რაც ნიშნავს იმას, რომ წარდგენილ კანდიდატურას მხარი პარლამენტის სრულმა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორმა უკვე წარადგინა თამარ გურჩიანი. მის კანდიდატურას 39 ორგანიზაცია უჭერს მხარს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პრეზიდენტის თქმით, თამარ გურჩიანს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მედიის თავისუფლებაზე. თამარ გურჩიანი ამჟამად კიევში იმყოფება.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის კიდევ ერთი ნაწილის მიერ დასახელებულ ლია მუხაშავრიას, მის კანდიდატურას "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი" და "ახალგაზრდა ადვოკატები" უჭერენ მხარს.
ომბუდსმენის ვაკანსიაზე განიხილება გელა ნიკოლაიშვილისა და დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურებიც.
|