საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის მინდია აბაშიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მიხეილ სააკაშვილი თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს, - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც. კაპრალი ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დაიღუპა.
მინდია აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო.
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ.
დილიდან გაფიცულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასობით თანამშრომელი - ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათი სურვილია, რომ ასევე 20%-ით გაიზარდოს ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.