მიხეილ სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა
12.10.12 15:00
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს.
ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საუბრის დასასრულს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა. სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვაც.
მისი განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია. მიხეილ სააკაშვილი ასამბლეაზე მთავარ გამომსვლელად წარდგება.
ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დემოკრატიულად გამართული არჩევნების შემდეგ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს. მისი თქმით, ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამის თაობაზე მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთანაც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან აუცილებელია თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.
|