ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება
12.10.12 18:57
მიხეილ სააკაშვილი ახალ მთავრობასთან ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდროდ ითანამშრომლებს.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიგა ბოკერია ბრიფინგამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-ცენტრში შეხვდა.
ბოკერიას თქმით, იგი სწორედ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდა.
"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენს გუნდებს შორის არსებობს ძალიან არსებითი, სერიოზული, ფუნდამენტური განსხვავებები და ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა და ალბათ არ გაქრება მომავალშიც. მაგრამ, რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც შეეხება საგარეო საფრთხისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლის კურსის შენარჩუნებასა და გამყარებას, ამ საკითხში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული;
"თქვენ მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ შედგა ნატოს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზუდენტთან, ამავე დროს, საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან. არჩევნების შემდეგ საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადებები ამ თემაზე, დაადასტურა თავისი პოზიცია, ამ პოზიციას, კურსის შენარჩუნების თაობაზე, ჩვენ მივესალმებით. აქედან გამომდინარე, როგორც ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ქვეყნებში, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა, - ეს საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხებოდა. ამ საუბრის იდეა გაჩნდა ჩვენი კონსულტაციებისას და ამას ჩვენ მომავალშიც მივესალმებით," - განაცხადა ბოკერიამ.
|